ინდოეთის ოკეანე

                                       ყველაფერი ინდოეთის ოკეანეზე



ინდოეთის ოკეანე - (ინგ. Indian Ocean) (რუს. Индийский океан)
ფართობითა და სიღრმით მესამე ოკეანე დედამიწის ოკეანეებს შორის, რომელიც ფარავს მისი წყლის ზედაპირის 20%-ს. მისი ფართობია 76,174 მილიონი კმ2, მოცულობა 282,65 მილიონი კმ3. ოკეანის უღრმესი წერტილი ზონდის ღარშია (7729 მ).
ჩრდილოეთით ეკვრის აზიას, დასავლეთით აფრიკას, აღმოსავლეთით ავსტრალიას; სამხრეთით ესაზღვრება ანტარქტიდას. საზღვარი ატლანტის ოკეანესთან გადის აღმოსავლეთ გრძედის 20° მერიდიანზე; წყნარ ოკეანესთან აღმოსავლეთ გრძედის 146°55 მერიდიანზე. ინდოეთის ოკეანის უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილი  არის სპარსეთის ყურეში, ჩრდილოეთ განედის დაახლოებით 30° მერიდიანზე. ინდოეთის ოკეანის სიგანეა დაახლოებით 10 000 კმ ავსტრალიისა და აფრიკის სამხრეთ წერტილებს შორის.
ეტიმოლოგია
ძველი ბერძნები ოკეანის მათთვის ცნობილ ნაწილს მოსაზღვრე ზღვებთან და ყურეებთან ერთად ერიტრეის ზღვას უწოდებდნენ (ძველბერძნულად Ἐρυθρά θάλασσα წითელი, ხოლო ძველ რუსულ წყაროებში იხსენიებენ, როგორც Чермное море - ჩერმნოე, წითელი, მეწამული ზღვა საეკლესიო-სლავური კალკა ბერძნულიდან). თანდათანობით ეს სახელწოდება მხოლოდ უახლოესი ზღვისთვის შემორჩა, ოკეანემ კი სახელი ინდოეთისგან მიიღო, რომელიც იმ დროისთვის ოკეანის ნაპირებზე არსებული ქვეყნებიდან ყველაზე ცნობილი იყო თავისი სიმდიდრით. ასე მაგალითად, ალექსანდრე მაკედონელი ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში მას ინდიკონ პელაგოსს ინდოეთის ზღვას უწოდებს. არაბებში ის ცნობილია, როგორც ბარ-ელ-ჰინდი ინდოეთის ოკეანე. XVI საუკუნიდან დამკვიდრდა რომაელი მეცნიერის პლინიუს უფროსის მიერ, ჯერ კიდევ I საუკუნეში შემოტანილი დასახელება ოკეანუს ინდიკუსი ინდოეთის ოკეანე.
ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება
ზოგადი მონაცემები
ინდოეთის ოკეანის უმეტესი ნაწილი მდებარეობს კიბოს ტროპიკიდან სამხრეთით, ჩრდილოეთიდან ევრაზიას, დასავლეთიდან აფრიკას, აღმოსავლეთიდან ავსტრალიასა და სამხრეთიდან ანტარქტიდას შორის. ატლანტის ოკეანესთან საზღვარი გადის აგულიასის კონცხის (Cape Agulhas) მერიდიანზე (აღმოსავლეთ გრძედის 20° ანტარქტიდის (დედოფალი მოდის მიწის Dronning Maud Land) სანაპირომდე). წყნარ ოკეანესთან საზღვარი გადის: ავსტრალიის სამხრეთით ბასის სრუტის აღმოსავლეთ საზღვარზე კუნძულ ტასმანიამდე, შემდეგ აღმოსავლეთ გრძედის 146°55 მერიდიანის გასწვრივ ანტარქტიდამდე; ავსტრალიიდან ჩრდილოეთით ანდამანის ზღვასა და მალაქის სრუტეს შორის, შემდეგ კუნძულ სუმატრას სამხრეთ-დასავლეთი ნაპირის გასწვრივ, ზონდის სრუტეზე, კუნძულ იავას სამხრეთ სანაპიროზე, ბალისა და სავუს ზღვების სამხრეთ საზღვრებზე, არაფურის ზღვის ჩრდილოეთ საზღვარზე, მიუყვება ახალი გვინეის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს ტორესის სრუტის დასავლეთ საზღვრამდე. ზოგჯერ ოკეანის სამხრეთ ნაწილს, რომლის ჩრდილოეთი საზღვარი სამხრეთ განედის 35° მერიდიანიდან (წყლისა და ატმოსფეროს ცირკულაციის ნიშნის მიხედვით), სამხრეთ განედის 60° მერიდიანამდეა (ფსკერის რელიეფის მიხედვით), სამხრეთის ოკეანეს მიაკუთვნებენ ხოლმე.


Comments

Popular posts from this blog

წყნარი ოკეანე

თეთრი ზვიგენები